შპს „ბონა ფიდე“
LLP „Bona Fide“
საარბიტრაჟო წარმოების წესები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ბონა ფიდე
1.1. ,,ბონა ფიდე“ (LLP „Bona Fide”) არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო დავების განხილვა წინამდებარე წესების შესაბამისად.
1.2. საარბიტრაჟო დავას იხილავს ტრიბუნალი, რომელიც იქმნება კონკრეტული დავის განხილვისათვის.
1.3. “ბონა ფიდეს” ორგანიზაციული ერთეულებია კანცელარია და ადმინისტრაცია.
1.4. “ბონა ფიდეს” სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განსაზღვრულია წესდებით და წინამდებარე საარბიტრაჟო წესებით (შემდგომში – დებულება).
1.5. წინამდებარე დებულებაში „ბონა ფიდე“-ზე მითითება წარმოადგენს მითითებას “ბონა ფიდეს” ორგანიზაციულ ერთეულზე ან/და თანამდებობის პირზე, რომელიც სპეციალურად, შესაბამისად, შექმნილია ან დანიშნულია დებულებით განსაზღვრული სათანადო ფუნქციების შესრულების მიზნით.
მუხლი 2. მოქმედების ფარგლები
2.1. ტრიბუნალი “ბონა ფიდეს” დებულების შესაბამისად განიხილავს დავას, თუ
2.1.1. მხარეები შეთანხმდებიან, რომ დავა განიხილება „ბონა ფიდე“-ს საარბიტრაჟო წარმოების წესების შესაბამისად, “ბონა ფიდეს” მიერ ან მსგავსი შინაარსის დათქმით.
2.1.2. მხარეები შეთანხმდებიან, რომ დავა განიხილება „Bona Fide“-ს საარბიტრაჟო წარმოების წესების შესაბამისად, „Bona Fide“-ს მიერ ან მსგავსი შინაარსის დათქმით.
2.1.3. მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმება შედგა საარბიტრაჟო სარჩელისა და შესაგებლის გაცვლის გზით.
2.2. მხარეთა შეთანხმება დავის “ბონა ფიდეს” მიერ გადაწყვეტაზე გულისხმობს შეთანხმებად წინამდებარე დებულებზე, თუ ეს მათივე დათქმით არ არის გამორიცხული.
2.3. „ბონა ფიდე“ საარბიტრაჟო განხილვისას ხელმძღვანელობს მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით, წინამდებარე დებულებით, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის „არბიტრთა ეთიკის კოდექსი“-თ (შემდგომში – ეთიკის კოდექსი) და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – კანონი).
2.4. ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესია, თანმიმდევრულად, კანონი, ეთიკის ნორმები, მხარეთა შეთანხმება, დებულება.
2.5. საარბიტრაჟო საქმის განხილვა წარიმართება დებულების იმ რედაქციის მიხედვით, რომელიც ძალაშია მხარეთა შორის დავის განმხილველ ორგანოდ „ფონა ფიდე“-ზე შეთანხმების (წინამდებარე დებულების 2.1.1., 2.1.2. მუხლების საფუძველზე დადგენილი კომპეტენცია) ან საარბიტრაჟო საქმის განხილვის დაწყების მომენტში (წინამდებარე დებულების 2.1.3 მუხლის საფუძველზე დადგენილი კომპეტენცია).
2.6. დაუშვებელია დავის წარმოების პროცესში შეცვლილი დებულების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:
2.6.1 აღნიშნულზე არსებობს მხარეთა შეთანხმება, ანდა
2.6.2 საქმის სპეციფიკურობამ მოითხოვა ისეთი პროცედურული საკითხის მოწესრიგება, რომელიც მანამდე არ იყო დებულებით დარეგულირებული.
მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების წესების ინტერპრეტაცია
3.1. „ბონა ფიდე“ უფლებამოსილია განმარტოს წინამდებარე დებულების ნებისმიერი ნორმა თავისი ინიციატივით ან ერთ–ერთი მხარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.
3.2. წინამდებარე დებულებაში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
3.2.1. „ბონა ფიდე“, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი – შპს „ბონა ფიდე“ (ს/კ 405404370), ინგლისური სახელწოდება – LLP „Bona Fide“.
3.2.2. “ბონა ფიდეს” კანცელარია, კანცელარია – “ბონა ფიდეს” ორგანიზაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საარბიტრაჟო საქმის წარმოებისათვის საჭირო ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას.
3.2.3. “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია, ადმინისტრაცია – “ბონა ფიდეს” ორგანიზაციული ერთეული, რომელიც წინარე დებულების მიზნებიდან გამომდინარე ახორციელებს ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრირებას;
3.2.4. ტრიბუნალი – საარბიტრაჟო დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით დანიშნული ან დამტკიცებული არბიტრი ან არბიტრები;
3.2.5. საარბიტრაჟო მოსარჩელე – პირ(ებ)ი, რომელმაც დავის გადასაწყვეტად მიმართა “ბონა ფიდეს” და დააყენა მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით;
3.2.6. საარბიტრაჟო მოპასუხე – პირ(ებ)ი, რომლის მიმართაც მოსარჩელე აყენებს მოთხოვნებს;
3.2.7. სარჩელი ან შემხვედრი სარჩელი – მოსარჩელის განცხადება, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს მოპასუხის მიმართ;
3.2.8. შესაგებელი – შეპასუხება სარჩელზე ან შემხვედრ სარჩელზე ;
3.2.9. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება – ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო საქმის განხილვის პროცესში მიღებული როგორც შუალედური, აგრეთვე საბოლოო გადაწყვეტილება;
3.2.10. დეკლარაცია – არბიტრ(ებ)ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიშიც მითითებულია დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ.
მუხლი 4. “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია
4.1. “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია უწევს ადმინისტრირებას ტრიბუნალის მიერ დავის განხილვის/გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ხელმძღვანელობს კანცელარიას და ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
4.1.1. აკომპლექტებს ან დახმარებას უწევს მხარეებს ტრიბუნალის ფორმირებაში;
4.1.2. იღებს გადაწყვეტილებას არბიტრ(ებ)ის შეცვლის შესახებ;
4.1.3. ინახავს დოკუმენტებს;
4.1.4. ამტკიცებს “ბონა ფიდეს” არბიტრთა სიას;
4.1.5. ამზადებს დებულებაში შესატან ცვლილებათა პროექტს;
4.1.6. აკომპლექტებს კანცელარიას, უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას და შეიმუშავებს მისი მუშაობის სახელმძღვანელო წესებს.
4.1.7. წყვეტს სხვა საკითხებს, დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში.
4.2. ადმინისტრაციის შემადგენლობა განისაზღვრება 3 წევრით, რომელთაგან ერთ-ერთი იმავდროულად არის ადმინისტრაციის თავმჯდომარე და დანაჩენ ორთაგან ნიშნავს თავის მოადგილეს.
4.3. ადმინისტრაციის წევრები ინიშნებიან სამი წლის ვადით, ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიერ.
4.4. ადმინისტრაციის თავმდჯომარეს ნიშნავს შპს „ფონა ფიდე“-ს გამგეობა.
4.5. ადმინისტრაციის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას ან უფლებამოსილებათა შეზღუდვისას – თავმჯდომარის მოადგილე. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფისას, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
4.6. ადმინისტრაციის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, სხდომის მოწვევის და მისი საორგანიზაციო საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას ან მისი უფლებამოსილების შეზღუდვის შემთხვევაში, ადმინისტრაციას თავმჯდომარის მოადგილე.
4.7. ადმინისტრაციის წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციის სხდომაში ელექტრონული ფორმით (სკაიპი, ვაიბერი, ვიდეო კონფერენცია და სხვა).
4.8. ადმინისტრაციის გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას ადმინისტრაციის წევრთა მიერ საკუთარი პოზიციის წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული) წადგენით.
4.9. პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მონაწილეობს ადმინისტრაციის საქმიანობოაში, ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა.
4.10. დოკუმენტი, რომელიც წარედგინა ადმინისტრაციას ან შეიქმნა ადმინისტრაციის ან კანცელარიის მიერ სხდომის განმავლობაში, განკუთვნილია მხოლოდ ადმინისტრაციის წევრებისა და სხდომაზე მონაწილე პირებისათვის.
4.11. ადმინისტრაცია არ არის ვალდებული თავის გადაწყვეტილებაში მიუთითოს, საფუძვლები რომელსაც დაეყრდნო.
4.12. “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციის წევრებს და კანცელარიის თანამშრომლებს არა აქვთ უფლება გამოვიდნენ მხარის წარმომადგენლად იმ საქმეებში, რომლებიც განიხილება “ბონა ფიდეს” მიერ.
4.13. “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციის წევრი შეიძლება დაინიშნოს არბიტრად, თუ რომელიმე მხარე არ დააყენებს მისი აცილების საკითხს.
4.14. თუ ადმინისტრაციის წევრი ან/და კანცელარიის თანამშრომელი აღმოჩნდა ჩართული რომელიმე საარბიტრაჟო განხილვაში ან წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი საარბიტრაჟო საქმესთან დაკავშირებით საარბიტრაჟო განხილვის მხარესთან პირადი, ან საქმიანი ურთიერთობიდან ან საქმის შესაძლო შედეგებიდან გამომდინარე, მან:
4.14.1. ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ადმინისტრაციას თავმჯდომარეს, ხოლო თუ თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი – ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილეს;
4.14.2. არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადმინისტრაციის სხდომებში, განხილვასა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიღებაში;
4.14.3. არ უნდა მიიღოს ამ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები, ხოლო მიღებული ელექტრონული ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა წაშალოს, და მიღებული დოკუმენტაცია დაუბრუნოს კანცელარიას.
4.15. თუ საარბიტრაჟო განხილვის მხარე არ იყენებს არბიტრის კანდიდატურის წარდგენის უფლებას, ან არბიტრები ვერ თანხმდებიან მესამე არბიტრის (ტრიბუნალის თავმჯდომარის) დანიშვნის შესახებ, ან დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციას უწევს გადაწყვეტილების მიღება არბიტრის დანიშვნის შესახებ, „ფონა ფიდე“-ს ადმინისტრაციის თავმჯდომარე არჩევს არბიტრად დასანიშნი პირის კანდიდატს, რომლის დანიშვნის საკითხი წყდება ადმინისტრაციის სხდომაზე.
4.16. ადმინისტრაციას წარმოადგენს და ადმინისტრაციის სახელით გადაწყვეტილებებს ხელს აწერს თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის უფლებამოსილებათა შეზღუდვის შემთხვევაში, მისი მოადგილე.
მუხლი 5. „ბონა ფიდე“-ს კანცელარია
5.1. “ბონა ფიდეს” კანცელარია უზრუნველყოფს საარბიტრაჟო საქმის წარმოებისათვის საჭირო ლოჯისტიკური საქმიანობას, “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციის მიერ მიცემული მითითებებისა და დადგენილი წესების შესაბამისად, მათ შორის და არა მხოლოდ:
5.1.1. იღებს და აგზავნის კორესპონდენციას;
5.1.2. ამზადებს საქმისწარმოების დოკუმენტაციას, საკუთარი კომპეტენციიის შესაბამისად;
5.1.3. უზრუნველყოფს საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით დამუშავებას;
5.1.4. უზრუნველყოფს არბიტრაჟში ელექტრონული ფორმით შემოსული ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამის მსვლელობას აძლევს მას;
5.1.5. უფლებამოსილია აწარმოოს ჩანაწერები და შექმნას დოკუმენტები მხარეთა და არბიტრ(ებ)ის ინფორმირების მიზნით, ასევე საარბიტრაჟო განხილვის სათანადოდ წარმართვისათვის;
5.1.6. ასრულებს ადმინისტრაციის სხვა მითითებებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 6. შეტყობინებები და მხარეებთან კომუნიკაცია
6.1. კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, აგრეთვე ზეპირი ფორმით, თუმცა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეტყობინების ჩაბარების თარიღისა და შეტყობინების მიმღები სუბიექტის ვინაობის შესახებ ჩანაწერის ან დასტურის არსებობა.
6.2. ნებისმიერი შეტყობინება ან ნებისმიერი გზავნილი ჩაითვლება მხარის მიერ მიღებულად, თუ ჩაბარებულია ადრესატისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის უშუალოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით:
6.2.1. არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებული იურიდიული, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე;
6.2.2. საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე;
6.2.3. შეტყობინების გაგზავნის დროს “ბონა ფიდეს”თვის ადრესატის ცნობილ უკანასკნელ იურიდიულ, საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილის მისამართზე (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე).
6.3. შეტყობინების/გზავნილის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც იძლევა შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობის დადასტურებას, მათ შორის ინფორმაციას ჩაბარების თარიღის შესახებ:
6.3.1. არბიტრაჟში წარდგენილ წერილობით დოკუმენტებში მითითებულ ფაქსის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
6.3.2. საარბიტრაჟო დავის მხარეებს შორის ხელშეკრულებაში მითითებული ფაქსის ნომერზე, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ან მის ექვივალენტზე);
6.3.3. შეტყობინების გაგზავნის მომენტში „ბონა ფიდესთვის“ ადრესატის ცნობილ უკანასკნელ ფაქსის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე (ან მის ექვივალენტზე) (იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6.4. შეტყობინება/გზავნილი, ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის მისი გადაცემის დღეს ან მისი გადაცემის მცდელობის დღეს.
6.5. ელექტრონული გზავნილი/შეტყობინება მიღებულად ითვლება მისი გაგზავნის დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ელექტრონული ფომით გზავნილზე იმავე საშუალებით მიღებულია შეტყობინება, რომ ადრესატს ელექტრონული გზავნილი არ მიუვიდა.
6.6. „ბონა ფიდე“-ს შეუძლია შეტყობინება მიაწოდოს ადრესატს ან მის წარმომადგენელს ტელეფონით, რაც სათანადო ფორმით განხორციელებულ გადაცემად ჩაითვლება და არ არის აუცილებელი იგივე ინფორმაციის 6.2 და 6.3 პარაგრაფებით გათვალისწინებული საშუალებით გადაცემა.
6.7. “ბონა ფიდეს” კანცელარია თავად იღებს გადაწყვეტილებას შეტყობინების რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს იგი და არ არის ვალდებული დაიცვას თანმიმდევრობა.
6.8. საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს “ბონა ფიდეს” კანცელარიას საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის (მათ შორის ტელეფონის, ფაქსის, ელ. ფოსტის მისამართის) შეცვლის და ახალი მისამართის შესახებ.
6.9. საარბიტრაჟო განხილვისას, გაგზავნილის/კორესპონდენციის პირველად ჩაბარების დასტურის მიღების შემდგომ, “ბონა ფიდეს” კანცელარია შემდგომ გზავნილებს აგზავნის პირველად ჩაბარების მისამართზე.
6.10. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტრიბუნალი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომლის განთავსებას ვებ-გვერდზე – WWW.BONAFIDE.GE, უზრუნველყოფს კანცელარია.
6.11. საჯარო შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
6.12. თუ პირმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, იგი ჩაბარებულად ითვლება, თუ მისამართი სწორია და გზავნილის/შეტყობინების ჩაბარებაზე უარი განაცხადა:
6.12.1. თავად ადრესატმა (პირველი გზავნილის შემთხვევაში);
6.12.2. ადრესატის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან მასთან ერთად მცხოვრებმა ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა (მეორე გზავნილის შემტხვევაში);
6.12.3. თანამშრომელმა/ორგანიზაციის წარმომადგენელმა სადაც ადრესატი მუშაობს (მეორე გზავნილის შემთხვევაში);
6.13. თუ პირველი საარბიტრაჟო გზავნილი/შეტყობინება ერთხელ უკვე ჩაჰბარდა ადრესატთან ერთად მცხოვრებ სრულწლოვან პირს ან ოჯახის წევრს, თანამშრომელს/ორგანიზაციის წარმომადგენელს სადაც ადრესატი მუშაობს, მეორედ გაგზავნა საჭირო აღარ არის.
მუხლი 7. ვადების გამოთვლა
7.1. დებულებით გათვალისწინებული ვადის დენა იწყება შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან.
7.1. გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასვენების და უქმე დღეები.
7.1. თუ ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების ან უქმე დღე იმ სახელმწიფოში, სადაც განხორციელდა შეტყობინების ჩაბარება, ასეთი ვადა დასრულებულად ჩაითვლება მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს.
7.1. დებულებაში მითითებული ნებისმიერი ვადა გამოითვლება კალენდარული დღეებით.
თავი II. საარბიტრაჟო განხილვა
მუხლი 8. საარბიტრაჟო სარჩელი
8.1. მხარე, რომელსაც სურს დაიწყოს დავის საარბიტრაჟო განხილვა (შემდგომში- მოსარჩელე), საარბიტრაჟო სარჩელს („ბონა ფიდეს“ ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ფორმით ან მის გარეშე) გადასცემს “ბონა ფიდეს” კანცელარიას (პირადად, ფოსტის ან ელ. ფოსტის მეშვეობით) რომელიც, არეგისტრირებს სარჩელს, თუ დაცულია წინამდებარე მუხლის მოთხოვნები.
8.2. საარბიტრაჟო სარჩელში უნდა აღინიშნოს:
8.2.1. მოსარჩელის, სხვა მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
8.2.2. დავის არსი და ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;
8.2.3. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს;
8.2.4. საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნ(ები)ა. თუ მოთხოვნ(ებ)ის კონკრეტული თანხით გამოხატვა შეუძლებელია, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ამ მოთხოვნ(ებ)ის მიახლოებითი ფულადი ღირებულება;
8.2.5. მითითება საარბიტრაჟო შეთანხმების პირობების შესახებ, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი მოთხოვნ(ებ)ის დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულების ან სხვა დოკუმენტების ასლი, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან/და რომლიდანაც გამომდინარეობს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა;
8.2.6. რამდენიმე საარბიტრაჟო მოთხოვნის შემთხვევაში, მითითება, თუ რომელი საარბიტრაჟო შეთანხმებიდან გამომდინარეობს თითოეული მოთხოვნა;
8.2.7. დოკუმენტების ნუსხა, რომელიც ერთვის საარბიტრაჟო სარჩელს.
8.3. საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად მოსარჩელეს შეუძლია წარადგინოს სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ ან რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუწყოს დავის ეფექტურად გადაწყვეტას.
8.4. მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელს უნდა დაურთოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
8.5. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ არის წარმოდგენილი წინამდებარე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, „ბონა ფიდე“–ს კანცელარიას შეუძლია განუსაზღვროს ვადა მოსარჩელეს სარჩელის დაზუსტებისთვის, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კანცელარიას შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციაზე. უარი სარჩელის რეგისტრაციაზე არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას კვლავ დააყენოს იგივე მოთხოვნები მომავალში.
8.6. თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, სარჩელის კანცელარიისათვის ელექტრონული ფორმით გადაცემის შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია ამ დოკუმენტების ორიგინალი (ან სათანადოდ დამოწმებული ასლი) წარუდგინოს “ბონა ფიდეს” კანცელარიას, ტრიბუნალის ან კანცელარიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, თუ საარბიტრაჟო მოპასუხე წარდგენილი დოკუმენტების ავთენტურობას ეჭვქვეშ დააყენებს.
მუხლი 9. შესაგებელი, შემხვედრი საარბიტრაჟო მოთხოვნა
9.1. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 10 დღის ვადაში მოპასუხემ უნდა წარუდგინოს კანცელარიას შესაგებელი (“ბონა ფიდეს” ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ფორმით ან მის გარეშე) საარბიტრაჟო სარჩელზე (შემდგომში – შესაგებელი), რომელშიც უნდა აღინიშნოს:
9.1.1. მოპასუხის და მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
9.1.2. მოსაზრება საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნასთან (მოთხოვნებთან) და იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;
9.1.3. დოკუმენტების ნუსხა, რომელსაც მოსარჩელე აფუძნებს საკუთარ მოთხოვნას;
მუხლი 10. საარბიტრაჟო შეთანხმების ნამდვილობის შემოწმება
10.1. თუ მხარე, რომელსაც წაეყენა საარბიტრაჟო მოთხოვნა, არ წარადგენს შესაგებელს, ან დააყენებს ერთ ან რამდენიმე პრეტენზიას საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის ან საარბიტრაჟო შეთანხმების შინაარსის შესახებ, ან აყენებს საკითხს ერთ საარბიტრაჟო განხილვაში ყველა მოთხოვნის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ, საარბიტრაჟო განხილვა გაგრძელდება და გადაწყვეტილებას იღებს ტრიბუნალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „ბონა ფიდე“-ს კანცელარია ამ საკითხებს გადასაწყვეტად გადასცემს “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციას.
10.1. საეჭვოობისას, “ბონა ფიდეს” კანცელარია საქმეს გადასცემს ადმინისტრაციას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა “ბონა ფიდეს” იურისდიქციის არარსებობა.
10.1. იმ შემთვევაში, თუ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის თაობაზე რომელიმე საარბიტრაჟო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასეთი გადაწყვეტილება არ ართმევს მხარეს უფლებას, საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტის საფუძვლად არსებული გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, თავიდან სხვა საარბიტრაჟო სარჩელში დააყენოს იგივე საარბიტრაჟო მოთხოვნები.
10.1. თუ სათანადოდ ინფორმირებული მხარე საარბიტრაჟო განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას ან უარს ამბობს მონაწილეობის მიღებაზე, საარბიტრაჟო განხილვა გაგრძელდება.
10.1. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ პრეტენზია შეიძლება გაკეთდეს შესაგებელთან ერთად ან შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში მისი წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში.
10.1. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამის გარემოებებზე ინფორმაციის მიღებიდან 7 დღის ვადაში.
მუხლი 11. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანება
11.1. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „ბონა ფიდე“-ს ადმინისტრაციას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ორი ან მეტი საარბიტრაჟო სარჩელის ერთ საარბიტრაჟო საქმეში გაერთიანების შესახებ, თუ:
11.1.1. მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო საქმეთა გაერთიანების შესახებ;
11.1.2. ყველა მოთხოვნა ერთი და იმავე საარბიტრაჟო შეთანხმებას ეფუძნება;
11.1.3. საარბიტრაჟო მოთხოვნები სხვადასხვა საარბიტრაჟო შეთანხმებას ეფუძნება, მაგრამ საარბიტრაჟო განხილვები მიმდინარეობს ერთი და იმავე მხარეებს შორის, დავები წარმოშობილია ერთი და იმავე სამართლებრივი ურთიერთობიდან, და “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ საარბიტრაჟო შეთანხმებები თავსებადია.
11.2. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციამ შესაძლებელია მხედველობაში მიიღოს ნებისმიერი გარემოება, რომელსაც ჩათვლის საქმესთან კავშირში, მათ შორის, თუ რა ეტაპზეა საარბიტრაჟო განხილვა, დანიშნულია თუ არა არბიტრი და ა.შ.
11.3. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანებისას, ისინი ერთიანდებიან იმ საარბიტრაჟო საქმეში, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, თუ ყველა მხარე სხვა რამეზე არ შეთანხმდა.
თავი III. საარბიტრაჟო ტრიბუნალი
მუხლი 12. ზოგადი ნაწილი
12.1. თითოეული არბიტრი უნდა იყოს საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დარჩეს ასეთად მთელი საარბიტრაჟო განხილვის განმავლობაში.
12.2. დანიშვნამდე ან დამტკიცებამდე არბიტრობის კანდიდატმა უნდა მოაწეროს ხელი დეკლარაციას (“ბონა ფიდეს” მიერ დამტკიცებული ფორმით ან მის გარეშე), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
12.2.1. მითითება იმის შესახებ, რომ თანახმაა განიხილოს კონკრეტული დავა;
12.2.2. არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;
12.2.3. თუ მხარეთა მიერ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრის მიმართ დადგენილია კომპეტენციის კრიტერიუმები, დეკლარაციაში ასევე უნდა მიეთითოს, რომ არბიტრი აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.
12.3. არბიტრობის კანდიდატმა „ბონა ფიდე“-ს კანცელარიას წერილობით უნდა აცნობოს ნებისმიერი ფაქტისა და გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თაობაზე.
12.4. არბიტრი ვალდებულია “ბონა ფიდეს” კანცელარიას, ტრიბუნალის სხვა წევრებს და მხარეებს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების შემდეგ წარმოშობილი ფაქტის ან/და გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება წარმოშვას დასაბუთებული ეჭვი არბიტრის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის თაობაზე.
12.5. არც ერთ მხარეს ან მხარის წარმომადგენელს არა აქვს უფლება, საარბიტრაჟო საქმესთან დაკავშირებით, სხვა მხარეებისაგან ან მხარეთა წარმომადგენლებისაგან დამოუკიდებლად ჰქონდეს კომუნიკაცია ტრიბუნალთან ან არბიტრობის ნებისმიერ კანდიდატთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანდიდატის ინფორმირება ხდება დავის ზოგადი არსის შესახებ, რათა განხილულ იქნას საკითხი, თუ რამდენად აქვს მას სათანადო დრო საქმის განხილვისათვის, ან შესაძლებლობა იყოს დამოუკიდებელი და მხარეების მიმართ მიუკერძოებელი, ასევე, შეესაბამებოდეს საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12.6. არც ერთ მხარეს და მის წარმომადგენელს არა აქვს უფლება, სხვა მხარეებისაგან ან მხარეთა წარმომადგენლებისაგან დამოუკიდებლად ჰქონდეს კომუნიკაცია ტრიბუნალის თავმჯდომარეობის კანდიდატთან.
12.7. არბიტრები ვალდებულნი არიან თავიანთი საქმიანობა განახორციელონ კანონის, დებულების, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული ,,არბიტრთა ეთიკის კოდექსის”და მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 13. არბიტრთა რაოდენობა
13.1. დავა განიხილება ერთი ან სამი არბიტრისაგან შემდგარი ტრიბუნალის მიერ.
13.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ არიან შეთანხმებულნი არბიტრთა რაოდენობაზე, დავა განიხილება ერთი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის მიერ.
მუხლი 14. ტრიბუნალის ფორმირება
14.1 მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ტრიბუნალის ფორმირების წინამდებარე დებულებიაში გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ პროცედურაზე.
14.2. იმ შემთხვევაში, თუ დავა უნდა განიხილოს ერთმა არბიტრმა, არბიტრს ნიშნავს “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია.
14.3. როდესაც დავა განხილული უნდა იქნას სამი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის მიერ, თუ მხარეები სხვა პროცედურაზე არ შეთანხმდებიან, უკვე დანიშნული ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 10 (ათი) დღის ვადაში შეთანხმებულად ასახელებენ მესამე არბიტრის კანდიდატურას, რომელიც “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციის მიერ დამტკიცების შემთხვევაში იქნება ტრიბუნალის თავმჯდომარე. თუ მოცემულ ვადაში ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ სხვა ვადაში, ამ პუნქტის მიხედვით, არ მოხდება მესამე არბიტრის კანდიდატურის დასახელება, მესამე არბიტრს ნიშნავს “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია.
მუხლი 15. არბიტრთა დანიშვნა და დამტკიცება
15.1 “ბონა ფიდეს” კანცელარია ამტკიცებს მხარეების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს. იმ შემთხვევაში, თუ კანცელარია ჩათვლის, რომ არბიტრობის კანდიდატი არ უნდა იქნას დამტკიცებული, საკითხი განსახილველად გადაეცემა “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციას.
15.2 „ბონა ფიდე“-ს ადმინისტრაცია არბიტრის დანიშვნის ან დამტკიცების საკითხის გადაწყვეტისას, სხვა გარემოებებთან ერთად, ითვალისწინებს დავის ხასიათს, საარბიტრაჟო განხილვის ადგილს, ენას და გამოსაყენებელ სამართალს.
მუხლი 16. არბიტრის აცილება და შეცვლა
16.1. მხარეს უფლება აქვს, “ბონა ფიდეს” კანცელარიისათვის არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი მიმართვით, მოითხოვოს არბიტრის აცილება თუ მიიჩნევს, რომ ის:
16.1.1. არ არის დამოუკიდებელი ან/და მიუკერძოებელი;
16.1.2. არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას;
16.1.3. ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციის შესრულებაში;
16.1.4. არ ავლენს სათანადო ყურადღებას დავის სწრაფი და ნაკლები დანახარჯებით განხილვისათვის;
16.2. მხარეს, მის მიერ წარდგენილი კანდიდატურის აცილების მოთხოვნის უფლება გააჩნია იმ შემთხვევაში თუ აცილების საფუძველი მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
16.3. მხარე კარგავს არბიტრის აცილების უფლებას თუ მან აცილების შესახებ განცხადებით არ მიმართა “ბონა ფიდეს” კანცელარიას 10 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლების არსბებობის შესახებ.
16.4. კანცელარია არბიტრის აცილების შესახებ მხარის განაცხადს უგზავნის სხვა მხარე(ებ)ს და ტრიბუნალის წევრებს რითაც მათ ეძლევათ საშუალება 10 დღის ვადაში წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები.
16.5. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გადადგება მისი აცილების საკითხის დაყენებიდან 10 დღის ვადაში და თუ მეორე მხარე არ დაეთანხმა აცილებას, ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში არბიტრის აცილების შესახებ საკითხს გადაწყვეტს “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია.
16.6. თუ არბიტრი მოახდენს თვითაცილებას, ან თუ მეორე მხარე დაეთანხმება არბიტრის აცილებას, არბიტრი ჩაითვლება აცილებულად.
16.7. არბიტრი შეიცვლება, თუ:
16.7.1. არბიტრი გარდაიცვალა;
16.7.2. არბიტრის მიმართ დაყენებული აცილების მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
16.7.3. “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია დათანხმდა არბიტრის ნებაყოფლობით გადადგომას;
16.7.4. “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია თავისი ინიციატივით, ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტს, რომ არბიტრი ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციების შესრულებაში, ან არბიტრი არ ასრულებს თავის ფუნქციებს.
16.7.5. არბიტრი დაინიშნა ან არჩეულ იქნა თანამდებობაზე, რომელთანაც არბიტრის ფუნქციის შესრულება წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს.
16.8. არბიტრის შეცვლის საკითხზე “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას იღებს არბიტრ(ებ)ის და მხარეების მოსაზრებების გათვალისწინებით.
16.8. შეცვლილი არბიტრის ნაცვლად არბიტრს ნიშნავს “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია.
თავი IV. საარბიტრაჟო განხილვა
მუხლი 17. ზოგადი ნაწილი
17.1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების დღედ ითვლება “ბონა ფიდეს” კანცელარიის მიერ სარჩელის რეგისტრაციის დღე.
17.2. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის ან საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით და მიიღოს ზომები კონფიდენციალური საიდუმლოების და ინფორმაციის დაცვის მიზნით. ამასთან, კონფიდენციალურობის დარღვევად არ ჩაითვლება საარბიტრაჟო საქმისწარმოებისას, კერძოდ გზავნილის/შეტყობინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მხარის მიმართ გაკეთებული საჯარო შეტყობინების განთავსება საჯარო სივრცეში საიტზე, გაზეთში ან პრაქტიკაში არსებული სხვა ფორმით.
17.3. მხარეს, რომელსაც სურს საარბიტრაჟო განხილვის პროცესში ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდება ტრიბუნალისა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისათვის, ეს ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა გადასცეს „ბონა ფიდეს“ კანცელარიას, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტებისა და ინფორმაციის საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებისა და ტრიბუნალისათვის მიწოდებას.
17.4. მხარე შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას ნებისმიერი პირით. წარმომადგენლის სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მხარემ უნდა მიაწოდოს კანცელარიას, რომელიც ამ ინფორმაციას უგზავნის საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებს და არბიტრებს. “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციას ან ტრიბუნალს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მხარეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურება.
მუხლი 18. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი
18.1 საარბიტრაჟო განხილვის ადგილია თბილისი, თუ მხარეები საარბიტრაჟო განხილვის სხვა ადგილზე არ შეთანხმდებიან.
18.2. საარბიტრაჟო სხდომები, როგორც წესი, იმართება “ბონა ფიდეს” ადგილსამყოფელის მიხედვით. ტრიბუნალს, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია მხარეთა ზეპირი მოსმენა და სხვა შეხვედრები გამართოს სხვა ადგილას.
18.3. ტრიბუნალი უფლებამოსილია სამუშაო თათბირი გამართოს ნებისმიერ ადგილას.
მუხლი 19. საარბიტრაჟო განხილვის ენა
19.1. საარბიტრაჟო განხილვის ენაა ქართული.
19.2. ტრიბუნალს შეუძლია დაადგინოს, რომ დოკუმენტს, რომელიც შესრულებულია საარბიტრაჟო განხილვის ენისაგან განსხვავებულ ენაზე, უნდა ახლდეს საარბიტრაჟო განხილვის ენაზე შესრულებული თარგმანი.
მუხლი 20. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა
20.1. ტრიბუნალს უფლება აქვს ზეპირი განხილვის გარეშე მიიღოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამასთან, ტრიბუნალი უფლებმოსილია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით დანიშნოს ზეპირი სხდომა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟს უფლება აქვს საარბიტრაჟო სხდომაზე მოწმე(ებ)ს, ექსპერტ(ებ)ს და სპეციალისტ(ებ)ს დაუსვას კითხვები, ასევე მხარეებს მისცეს კითხვების დასმის თანაბარი შესაძლებლობა.
20.2. ტრიბუნალი უფლებამოსილია წინასწარ, საარბიტრაჟო სხდომამდე მოსთხოვოს მხარეებს ინფორმაცია იმ მოწმ(ეებ)ის ან/და მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტ(ებ)ის, სპეციალისტ(ებ)ის შესახებ, რომელთა წარდგენასაც ისინი გეგმავენ. მოწმე(ება)დ და სპეციალისტ(ებ)ად შესაძლებელია მოწვეული იქნენ მხარესთან დაკავშირებული პირებიც.
20.3. საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე ტრიბუნალი უფლებამოსილია:
20.4. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნის წარმოსადგენად;
20.5. გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ჩვენების, ასევე ექსპერტი და სპეციალისტი ახსნა-განმარტების ზეპირად მისაცემად და საჭიროების შემთხვევაში, უხელმძღვანელოს მათთვის შეკითხვების დასმის პროცესს;
20.6. საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს წარადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება.
20.7. მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა დაკითხვა შესაძლებელია ტრიბუნალმა ჩაატაროს დისტანციურად (ტექნიკური საშუალების გამოყენებით).
მუხლი 21. ზეპირი მოსმენა
21.1. ტრიბუნალი 1 000 000 ლარამდე დავის არსებობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
21.2. ტრიბუნალი უფლებამოსილია საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ ეტაზე საკუთარი ინიციატივით ჩაატაროს ზეპირი მო
21.3. სმენა მხარეთა მონაწილეობით.
21.4. ზეპირი მოსმენის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს ეცნობებათ გონივრულ ვადაში.
21.5. საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია ჩაატაროს სხდომა და მიიღოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იმ მხარის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც სათანადო წესით ეცნობა ზეპირი მოსმენის შესახებ და არ გამოცხადდა საარბიტრაჟო სხდომაზე საპატიო მიზეზის გარეშე.
21.6. ტრიბუნალის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს ზეპირი მოსმენის პროცესს, ის წარმართავს სხდომას და შეკითხვების დასმის პროცესს.
21.7. პირებს, რომლებიც არ მონაწილეობენ საარბიტრაჟო განხილვაში, ტრიბუნალისა და ყველა მხარის თანხმობის გარეშე, არა აქვთ უფლება დაესწრონ სხდომას.
21.8. სხდომასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ჩანაწერი და ოქმი კონფიდენციალურია, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
21.9. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.
21.10. საარბიტრაჟო სხდომას შესაძლოა დაესწროს კანცელარიის წარმომადგენელი, რომელიც დახმარებას უწევს ტრიბუნალს საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის საკითხების გადაწყვეტაში; ასევე, ტრიბუნალის მოთხოვნის შემთხვევაში, ახდენს სხდომის ოქმის შედგენას.
21.11. შესაძლებელია საარბიტრაჟო სხდომა არ იწერებოდეს და სხდომას არ ჰყავდეს სხდომის მდივანი, თუ ამას საჭიროდ არ ჩათვლის ტრიბუნალი ან ორივე მხარის წერილობითი თანხმობა არ იარსებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
21.12. სხდომის ოქმ(ებ)ის ჩანაწერი, როგორც წესი კეთდება ელექტრონული ფორმით და CD დისკზე ჩაწერილი იდება საქმეში.
მუხლი 22. მტკიცებულება
22.1. თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც ის აფუძნებს თავის საარბიტრაჟო მოთხოვნებს ან მოთხოვნებზე შესაგებელს.
22.2. ტრიბუნალის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.
22.3. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ამოღებულ უნდა იქნას ის მტკიცებულებები, რომელსაც, ტრიბუნალი ჩათვლის, რომ განსახილველ საქმესთან მიმართებაში არ აქვს კავშირი. აღნიშნულ ქმედებას ტრიბუნალი ახორციელებს მხარეებთან შეთანხმებით. ერთ-ერთი მხარის უარის შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალები დარჩება საქმეში.
22.4. საქმიდან ამოღებული მტკიცებულებები დაუბრუნდება მხარეებს და ამ დროს ტრიბუნალი იღებს დადგენილებას საქმიდან მტკიცებულებათა ამოღების შესახებ, რომელშიც ხდება მითითება თუ რა დოკუმენტაცია იქნა ამოღებული საქმიდან. დადგენილებას ხელს აწერს ტრიბუნალის თავმჯდომარე და მხარეები.
მუხლი 23. დოკუმენტის წარუდგენლობა
თუ მხარე, დებულებით გათვალისწინებულ ან ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ წარადგენს წერილობით ან სხვა სახის მტკიცებულებებს, ტრიბუნალი მიიღებს გადაწყვეტილებას მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
თავი V. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
მუხლი 24. გადაწყვეტილების მიღება
24.1. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
24.2. მხარეებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
24.3. ერთზე მეტი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. თუ ასეთი უმრავლესობა არ იქნა მიღწეული, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
24.4. პროცედურული საკითხების გადაწყვეტისას, ტრიბუნალის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, იმ პირობით, რომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ტრიბუნალის სხვა წევრებს. ტრიბუნალს შეუძლია ამ გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება.
24.5. ტრიბუნალს შეუძლია საარბიტრაჟო განხილვის პროცესში მიიღოს შუალედური საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
24.6. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად მასში მითითებულ დღეს.
24.7. იმ შემთხვევაში, თუ დავის საგანი არ აღემატება 1 000 000 ლარს, საარბიტრაჟო ტრიბუნალი უფლებამოსილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში არ ჩამოაყალიბოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.
მუხლი 25. საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადა
25.1 ტრიბუნალმა საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისთვის საარბიტრაჟო საქმის გადაცემიდან 180 დღის ვადაში, თუ პროცედურული განრიგის საფუძველზე, ან მხარეთა შეთანხმებით, ან “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციის მიერ სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
25.2 საარბიტრაჟო განხილვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში ტრიბუნალმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა გადასცეს “ბონა ფიდეს” კანცელარიას, შესაბამისი რეაგირებისთვის. “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციას შეუძლია ამ ვადის გაგრძელება, ტრიბუნალის მოტივირებული შუამდგომლობის ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
მუხლი 26. საარბიტრაჟო განხილვის შეჩერება
26.1 საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა:
26.1.1 მხარეთა განცხადების საფუძველზე;
26.1.2 ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში;
26.1.3 საარბიტრაჟო განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, როცა მხარის უფლებამონაცვლეობის საკითხი არ არის გადაწყვეტილი.
26.2 საარბიტრაჟო განხილვა განახლდება:
26.2.1 რომელიმე მხარის განცხადებით, თუ საარბიტრაჟო განხილვა შეჩერებული იყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
26.2.2 იმ გარემოების აღმოფხვრის შემდეგ, რომელიც საფუძვლად დაედო საარბიტრაჟო განხილვის შეჩერებას.
26.2.3 იმ შემთხვევაში, როცა საარბიტრაჟო განხილვა შეჩერებული იქნა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და საარბიტრაჟო განხილვის შეჩერების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში “ბონა ფიდეს” კანცელარიას არ მიუღია მხარ(ეებ)ის განაცხადი საარბიტრაჟო განხილვის განახლების შესახებ.
26.2.4 შეჩერებული საარბიტრაჟო განხილვის 1 წლის ვადაში განუახლებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც მხარ(ებ)ს არ ართმევს უფლებას განმეორებით მიმართონ არბიტრაჟს.
მუხლი 27. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
27.1 ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის საფუძვლით, საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის მოთხოვნისას, ტრიბუნალი იღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ.
27.2 იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შუამდგომლობენ შეთანხმებული პირობების დამტკიცებას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით და საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამას ეთანხმება, მიიღება საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხარეთა შეთანხმებული პირობებით დამტკიცებისა და საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ.
27.3 თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებამდე აღმოჩნდება, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება არ არის საჭირო, დავის საგნის არარსებობის გამო ან მისი გაგრძელება შეუძლებელია რაიმე სხვა საფუძვლით ან მოსარჩელე გაითხოვს საარბიტრაჟო სარჩელს, ტრიბუნალი ატყობინებს მხარეებს საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 28. მხარეთა მორიგების დამტკიცება
28.1 თუ მხარეები მორიგდნენ საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ მხარეთა შეთანხმებით მიღებული მორიგების დამტკიცება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით.
28.2 თუ საქმე არ გადასცემია საარბიტრაჟო ტრიბუნალს, ან საქმეზე დასრულებულია საარბიტრაჟო განხილვა და მიღებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის ცნობა-აღსრულება არ მომხდარა და “ბონა ფიდეს” კანცელარია მიიღებს მხარის/მხარეთა შუამდგომლობას მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების შესახებ, კანცელარია საქმეს გადასცემს “ბონა ფიდეს” ადმინისტრაციას.
28.3 „ბონა ფიდეს“ ადმინისტრაციის თავმჯდომარე საქმეს გადასცემს ტრიბუნალს, ხოლო თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ არის ფორმირებული ან აღარ არსებობს, რადგან გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაიშალა, “ბონა ფიდეს” ადმინისტრაცია ნიშნავს არბიტრს. იმ მორიგების პირობების დასამტკიცებლად, რომელიც მხარეთა შორის მიღწეულ იქნა საქმეზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არბიტრად შეიძლება დაინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიმღები პირიც.
28.4 არბიტრაჟი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს დააკმაყოფილოს თუ არა მხარ(ეებ)ის შუამდგომლობა მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 29. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმა და იურიდიული ძალა
29.1 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შედგენილი უნდა იქნას წერილობითი ფორმით.
29.2 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა, მითითებული უნდა იყოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების თარიღი და არბიტრაჟის ადგილი.
29.3 საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი ტრიბუნალის მიერ განხილვისას, გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 30. საქმის მასალების შენახვა
30.1 ტრიბუნალი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ყველა ეგზემპლარს გადასცემს “ბონა ფიდეს” კანცელარიას, რომელიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გადასცემს მხარეებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეამოწმებს, რომ საარბიტრაჟო დავის მხარეთა მიერ გადახდილია ყველა საარბიტრაჟო ხარჯი.
30.2 ტრიბუნალის მიერ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 1 წლის განმავლობაში „ბონა ფიდე“ ინახავს:
30.2.1. ტრიბუნალის მიერ მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას;
30.2.2. დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ საარბიტრაჟო განხილვის შესახებ მხარეთა ინფორმირებას;
30.2.3. “ბონა ფიდეს” მიერ ამ დებულების შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებს.
30.3. საარბიტრაჟო საქმისწარმოების ყველა ის დოკუმენტი რომელიც არ ექვემდებარება შენახვას მატერიალური სახით, ინახება 3 წლის ვადით, ელექტრონული ფორმით.
30.4. თუ საარბიტრაჟო განხილვისას, ტრიბუნალის მიერ საქმეზე მიღებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, საქმის სრული მასალები ინახება იმ ვადით რა ვადითაც ძალაშია უზრუნველყოფის ღონისძიება.
30.5. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმისწარმოება მიმდინარეობდა ელექტრონული ფორმით, საქმისწარმოების სრული მასალები ინახება 5 წლის ვადით ელექტრონულად.
30.6. „ბონა ფიდეს“ ადმინისტრაციას შეუძლია დაადგინოს ამ წესისაგან განსხვავებული საქმის შენახვის ვადები ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით.
თავი VI. ხარჯები
მუხლი 31. საარბიტრაჟო ხარჯები
31.1 საარბიტრაჟო ხარჯებად მიიჩნევა:
31.1.1 “ბონა ფიდეს” საარბიტრაჟო მოსაკრებელი;
31.1.2 საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;
31.1.3 თარჯიმნის, სპეციალისტისა და ექსპერტისათვის ასანაზღაურებელი თანხა;
31.1.4 ადგილზე დათვალიერებისათვის გაწეული ხარჯები;
31.1.5 მოწმეთა სამგზავრო და სხვა აუცილებელი ხარჯები იმ ოდენობით, რა ოდენობითა მოწონებულია საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ;
31.1.6 საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, რომელიც ასეთად მიიჩნევა ტრიბუნალის მიერ.
31.2 იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
31.3 შესაბამისი საარბიტრაჟო ხარჯების გადახდა მხარეებმა უნდა განახორციელონ უნაღდო ანგარიშსწორების გზით, იმ საბანკო რეკვიზირებზე ჩარიცხვით, რომელიც “ბონა ფიდეს” კანცელარიის მიერ მიეწოდებათ ან საჯაროდ იქნება გამოქვეყნებული ვებ-გვერდზე – www.bonafide.ge.
მუხლი 32. საარბიტრაჟო მოსაკრებელი
32.1 საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე იხდის საარბიტრაჟო მოსაკრებელს.
32.2 თუ მოთხოვნილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ იქნება სრულად გადახდილი საარბიტრაჟო სარჩელის „ბონა ფიდეს“ კანცელარიაში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, ტრიბუნალი უარს იტყვის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული დაინტერესებულ მხარეს არ ართმევს სარჩელის ხელახლა შეტანის უფლებას.
32.3 საარბიტრაჟო მოსაკრებელი გადაიხდება შემდეგი ოდენობით: დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 170 ლარისა.
32.3.1 საარბიტრაჟო მოსაკრებელი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, შეადგენს 150 (ას ორმოცდაათ) ლარს;
32.3.2 კანონიერ ძალაში შესულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებაზე – სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე, საარბიტაჟო მოსაკრებელი შეადგენს 100 (ას) ლარს;
32.3.3 არქივში გადაცემული საქმის მასალების გამოთხოვა 50 (ორმოცდაათი) ლარი.
32.4 ერთი მხარისათვის საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობის შემცირება ან მოსაკრებლის წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლება მეორე მხარის არბიტრაჟის ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
32.5 თუ დადგინდება, რომ “ბონა ფიდეს” არა აქვს იურისდიქცია დავაზე ან დავა ცდება არბიტრაჟის კომპეტენციას და ამის საფუძველზე შეწყდება საარბიტრაჟო პროცესი, „ბონა ფიდე“ იტოვებს მისთვის გადახდილი თანხის 50%-ს და დარჩენილ თანხას უბრუნებს საარბიტრაჟო მოსარჩელეს.
32.6 საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სარჩელზე გადახდილი მოსაკრებელი უკან არ ბრუნდება.
მუხლი 33. ადმინისტრაციული საზღაური სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის
33.1 მხარე, რომელიც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხე მხარისათვის გარკვეული უფლების შეზღუდვას, იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც შესაძლოა აღსრულდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ვალდებულია გადაიხადოს საარბიტრაჟო ხარჯი შემდეგი ფორმით და ოდენობით:
33.2 ერთ უძრავ ნივთზე ყადაღის დადება, ნივთის გასხვისების აკრძალვა, უფლებრივი დატვირთვა, ნივთისათვის სახის შეცვლა/გაერთიანება 50 ლარი;
33.3 ორ ან მეტ უძრავ ნივთზე ყადაღის დადება, ნივთის გასხვისების აკრძალვა, უფლებრივი დატვირთვა, ნივთისათვის სახის შეცვლა/გაერთიანება 100 ლარი;
33.4 ერთ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება ან გარკვეული თანხების ფარგლებში ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა 50 ლარი;
33.5 ორ ან მეტ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება ან გარკვეული თანხების ფარგლებში ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა 100 ლარი;
33.6 ერთ მოძრავ ნივთზე ყადაღის დადება, ნივთის გასხვისების აკრძალვა, უფლებრივი დატვირთვა 50 ლარი;
33.7 ორ ან მეტ მოძრავ ნივთზე ყადაღის დადება, ნივთის გასხვისების აკრძალვა, უფლებრივი დატვირთვა 100 ლარი;
33.8 სხვა სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება 200 ლარი.
თავი VII. სხვა დებულებები
მუხლი 34. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნას ნებისმიერ დროს. ამასთან, ამგვარი ცვლილებები და დამატებები არ გავრცელდება იმ საქმეზე, რომლის საარბიტრაჟო განხილვაც დაიწყო ცვლილებების/დამატებების ამოქმედებამდე.
მუხლი 38. რეკომენდირებული საარბიტრაჟო შეთანხმება
38.1. იმ მიზნით, რომ დავის წარმოშობის მომენტისათვის, საარბიტრაჟო წარმოება წარიმართოს მინიმალურ დროში და ხარჯებით, „ბონა ფიდე“ მხარეებს უწევს რეკომენდაციას ქვემოთ მოცემული მოდალური დათქმა ხელშეკრუელბებში გამოიყენონ უცვლელი ფორმით:
„მხარეები ვთანხმდებით, რომ სადაო საკითხები ან/და უთანხმოება წარმოშობილი წინარე ხელშეკრულებიდან, გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობისას, დავა, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ, ასევე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეორადი მოთხოვნები, განიხილება და საბოლოოდ გადაწყდება ერთი არბიტრის მიერ, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს “ბონა ფიდეს” (ს/კ 405404370) საარბიტრაჟო წარმოების წესების (დებულების) შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის ადგილია ქ. თბილისი – “ბონა ფიდეს” ფაქტობრივი ადგილსამყოფელი; მხარეები, არბიტრაჟთან ურთიერთობისათვის გამოიყენებენ არბიტრაჟის შემდეგ ელ-ფოსტას: arbiterbonafide@gmail.com; საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის საარბიტრაჟო შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება საარბიტრაჟო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომელიც განთავსდება ვებ-გვერდზე WWW.BONAFIDE.GE, რაც არ წარმოადგენს კონფიდენციალურობის ან და პერსონალური მონაცემების შესახებ დადგენილი წესების დარღვევას.“
მუხლი 39. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები
39.1. წინამდებარე დებულება ძალაშია „ბონა ფიდე“-ს გამგეობის მიერ მისი მიღების დღიდან.
39.1. მოქმედია დებულების ის რედაქცია, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე: WWW.BONAFIDE.GE
39.1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ითავსებს ადმინისტრაციის საქმიანობას სრულად, სანამ ადმინისტრაცია კოლეგიალური ორგანოს სახით არ ჩამოყალიბდება.